ტრამპი: ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთთან უფრო ახლოს არიან

ტრამპი: ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთთან უფრო ახლოს არიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეარხ Newsmax-თან საუბრისას ინტერვიუში განაცხადა, რომ ბირთვული წყალქვეშა ნავები "რუსეთთან უფრო ახლოს არიან."

ტრამპმა დასძინა, რომ ამ ნაბიჯით მას სურს დარწმუნდეს, რომ დიმიტრი მედვედევის განცხადებები "მხოლოდ სიტყვებია და მეტი არაფერი."

"მას ეს არ უნდა ეთქვა. წარსულშიც უთქვამს რაღაცეები. ჩვენ ყოველთვის გვინდა მზად ვიყოთ. ამიტომ რეგიონში ორი ატომური წყალქვეშა ნავი გავგზავნე. უბრალოდ მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ მისი სიტყვები მხოლოდ სიტყვებია და სხვა არაფერი.

ისინი რუსეთთან უფრო ახლოს არიან. დიახ, ისინი რუსეთთან უფრო ახლოს არიან", - თქვა ტრამპმა.

მისივე თქმით, ბირთვული ძალა უმაღლეს საფრთხეს წარმოადგენს, რის გამოც, აშშ ფრთხილად უნდა იყოს.

"რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, მედვედევმა, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საბჭოს ხელმძღვანელობს, ბირთვულ იარაღზე საუბრისას ძალიან ცუდი რაღაცეები თქვა. და როდესაც სიტყვა "ბირთვულს" ახსენებ, თვალები მიბრწყინდება და ვამბობ: „ფრთხილად უნდა ვიყოთ", რადგან ეს უმაღლეს საფრთხეს წარმოადგენს", - თქვა ტრამპმა.

გარდა ამისა ინტერვიუში ტრამპმა ვლადიმირ პუტინსა და მასთან გამართულ საუბრებზე ისაუბრა.

იგი ამბობს, რომ რუსეთის ლიდერს სურს უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაცია "თავის ხელში აიღოს", რაც ტრამპის თქმით, პუტინისთვის რთული იქნება.

"პუტინთან ბევრი ვისაუბრე და ვფიქრობ, შესანიშნავი საუბარი გვქონდა. შემდეგ სახლში მივედი და დავინახე, რომ კიევსა და რამდენიმე ქალაქში ბომბი ჩამოაგდეს, რამაც ხალხი იმსხვერპლა. იცით, ახლახანს შესანიშნავი საუბარი მქონდა და მეგონა, რომ სამჯერ მოვაგვარეთ ყველაფერი. შესაძლოა, მას სურს, ყველაფერი თავის ხელში აიღოს. ვფიქრობ, ეს მისთვის ძალიან რთული იქნება", - განაცხადა ტრამპმა ინტერვიუში.