სუს: ბათუმში ბირთვული მასალის, ურანის გასაღება-შეძენის ფაქტზე 2 ადამიანი დავაკავეთ

სუს: ბათუმში ბირთვული მასალის, ურანის გასაღება-შეძენის ფაქტზე 2 ადამიანი დავაკავეთ

სუს-ში აცხადებენ, რომ ტრანსნაციონალური დანაშაული და მისი შესაძლო განვითარება აღკვეთეს.

კერძოდ, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა, ბაჩა მგელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბათუმში რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის, ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე დააკავეს.

მისი რწმუნებით, აღნიშნული ურანის რეალიზაცია 3 მილიონ დოლარად იგეგმებოდა.

მგელაძის თქმით, ამოღებული ურანის მახასიათებლებიდან გამომდინარე, მისი გამოყენება სხვადასხვა მასშტაბურ დანაშაულებშია შესაძლებელი.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ამ დანაშაულის სხვადასხვა მიმართულებით შესაძლო განვითარება აღკვეთა. სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად ბირთვული მასალის, კერძოდ, რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე ბათუმში საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე დააკავა.

დაკავებულთა შორის დადებული გარიგების თანახმად, ურანის უკანონო რეალიზაცია 3 მილიონ აშშ დოლარად იგეგმებოდა. აღნიშნული ბირთვული მასალა რადიოაქტიური ალფა და გამა გამოსხივების დოზის, სიმძლავრის და წყაროს რაობის გათვალისწინებით, როგორც კომპონენტი, გამოსადეგია სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად, ან სხვა მძიმე მასობრივი და ფატალური შედეგის დადგომისათვის.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობა სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც სასჯელი სახით 5-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა მგელაძემ.