თავდაცვის კოდექსში მორიგი ცვლილებები იგეგმება - კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და მის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს.
ცვლილებები, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესების გამკაცრებას ეხება, ორ საკითხს გულისხმობს - სტუდენტებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებასა და ალტერნატიულ შრომით სამსახურს.
ცვლილებების თანახმად, სტუდენტები, რომლებიც სრულად დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ, სამხედრო სამსახურის გადავადებას ვერ შეძლებენ. ცვლილებები ეხება მათაც, ვინც უცხო ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, თუმცა გამგზავრების ვალდებულება არ აქვს და სწავლას დისტანციურ რეჟიმში ახორციელებს, თუმცა მათ კანონპროექტის ინიციატორები რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამას ან სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამას სთავაზობენ ან განსაზღვრული სამხედრო სამსახურის სახეებიდან ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობას.
"რაც შეეხება კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ.ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ ისარგებლებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო, მისთვის კანონი დაადგენს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის მისაღები ფორმის შერჩევის შესაძლებლობას.
კერძოდ, როგორიცაა რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა ან სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა (4 წლის მანძილზე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად რამდენიმე დღე) ან კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან - 6, 8, 11 თვე) ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობა"- ნათქვამია კანონპროექტში.
რაც შეეხება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, ცვლილებების თანახმად, პირს უფლება აქვს ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
კანონპროექტის ინიციატორები ირწმუნებიან, რომ "ცვლილება უზრუნველყოფს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურის სრულფასოვან ფუნქციონირებას".
არასამხედრო, ალტერნატიული შრომის შესახებ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ სასულიერო პირებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება აღარ შეუძლიათ.
სასულიერო პირებს მოუწევთ გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომელიც 12 თვე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ეს არ ეხებათ მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურ სასულიერო პირებს. მათ შემთხვევაში კონსტიტუციურ შეთანხმებაში პირდაპირ არის გაწერილი, რომ "სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან".