
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსულ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიაორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების საჩივრის განხილვა დაიწყო.
ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, სტრასბურგიდან მიღებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ სტრასბურგმა საქმეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭოს. მისი განმარტებით, მსგავსი სტატუსი ენიჭებათ საქმეებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.
"გვინდა გაგაცნოთ სიახლე, რომელიც დღეს შევიტყვეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან. სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო რუსული კანონის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების, მედიაორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ საქმის განხილვა ყველა იმ მუხლთან მიმართებით, რომელიც საჩივარში იყო მოცემული.
როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ჩვენ ეს საქმე გავგზავნეთ 2024 წლის 17 ოქტომბერს, რუსული კანონის წინააღმდეგ და ვდავობდით არაერთი კონვენციით გარანტირებული მუხლის დარღვევაზე, მათ შორის, საჩივარი შეეხება ისეთი მუხლის დარღვევებს, როგორიც არის გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლი, ასევე სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები.
ამ ყველა მუხლთან მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა და სახელმწიფოს გაუგზავნა შეკითხვები, რომლის შესახებაც უნდა იყოს შესაბამის დროს პასუხი გაგზავნილი. სასამართლომ საქმეს - მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს, ამასთან დაკავშირებით არის საუბარი კორესპონდენციაში, რომელიც მივიღეთ. მსგავსი სტატუსი ენიჭებათ ისეთ საქმეებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება", - თქვა ნონა ქურდოვანიძემ.
სტრასბურგში რუსული კანონი 16 მედია ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების 120 ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გასაჩივრდა.
კანონის გაუქმებას ქვეყნის შიგნით მასშტაბური, ხანგრძლივი აქციებით მოითხოვდნენ მოქალაქეები, შემდგომ პროცესები სასამართლოში გადავიდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკოსებმა და მედიამ რუსული კანონი საკონსტიტუციოში გაასაჩივრეს, მაგრამ სასამართლომ კანონის მოქმედება არ შეაჩერა.
ამასთან, ოცნების მიერ დამტკიცებული კანონი საერთაშორისო დონეზე დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელ რეგულაციადაა შეფასებული და მის გაუქმებას ოლიგარქის ხელისუფლებისგან მოითხოვს ამერიკა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები.