ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება.
სტოლტენბერგი ამბობს, დაგეგმილი ვიზიტი აჩვენებს, რამდენად დამოკიდებულია რუსეთი და თავად პუტინი ავტორიტარულ ქვეყნებზე.
"მათი უახლოესი მეგობრები და რუსეთის ომის ძალისხმევის, აგრესიული ომის, ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი", - თქვა სტოლტენბერგმა.
კითხვას - რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ალიანსს ამ ქვეყნების კოალიციის წინააღმდეგ, სტოლტენბერგმა მაგალითად მოიყვანა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, თუმცა აღნიშნა, რომ "რუსეთი ამ სანქციებს არღვევს".
მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში უკვე გაგზავნა 1 მილიონი ჭურვი და იარაღის მიწოდების ნაკადი გრძელდება.
***
კრემლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხვალ, 18 ივნისს ჩრდილოეთ კორეაში ორდღიანი ვიზიტით ჩავა.
ეს ბოლო ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეაში პუტინის პირველი ვიზიტი იქნება.