სტარმერი: ახლა რუსეთისთვის სანქციების მოხსნის დრო არ არის

სტარმერი: ახლა რუსეთისთვის სანქციების მოხსნის დრო არ არის

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, "ახლა რუსეთისთვის სანქციების მოხსნის დრო არ არის". ამის შესახებ სტარმერმა პარიზში, "მსურველთა კოალიციის" შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"პირიქით, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავზარდოთ სანქციები შეერთებული შტატების ინიციატივის მხარდასაჭერად, რათა რუსეთი მაგიდასთან მივიყვანოთ ზეწოლის გზით", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა.

ასევე, სტარმერმა თქვა, რომ "რუსეთი თამაშობს" და ამ საკითხზე ცხადად საუბარია საჭირო.

"რუსეთი ცდილობს შეაფერხოს [მშვიდობა], თამაშებს თამაშობს და ჩვენ, აბსოლუტურად მკაფიოდ უნდა ვისაუბროთ ამაზე", - თქვა კირ სტარმერმა.

მისივე თქმით, "მსურველთა კოალიციის" ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საჭირო იყო უკრაინის მეტი მხარდაჭერა „იმისათვის, რომ უკრაინა უძლიერეს მდგომარეობაში იყოს, როგორც ახლა, ასევე შემდგომ მოლაპარაკებებში“.

სტარმერმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე, ასევე განიხილებოდა უკრაინაში ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მხარდაჭერის “სამხედრო და ოპერატიული” გეგმები, “იქნება ეს მიწაზე, ჰაერში თუ ზღვაზე”.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ შესაძლო ევროპულმა შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, სავარაუდოდ, უკრაინაში გაიგზავნებიან, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ თავდასხმას "უპასუხონ", თუ მოსკოვი მას წამოიწყებს.

"თუ უკრაინის ტერიტორიაზე კვლავ განმეორდება ფართომასშტაბიანი აგრესია, ეს არმიები, ფაქტობრივად თვითონ აღმოჩნდებიან თავდასხმის ქვეშ და ასეთ შემთხვევაში ამოქმედდება ჩვენი ჩართულობის ჩვეულებრივი ჩარჩო", - თქვა მაკრონმა.