სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონის პროექტი მიიღო. პროექტს მხარი დაუჭირა 60-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 22.
დოკუმენტს ხელი ახლა პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
კენჭისყრის დაწყებამდე ორივე ოპოზიციურმა ფრაქციამ განაცხადა, რომ რატიფიცირებას მხარს არ დაუჭერდნენ. სხდომაზე ოპოზიციური ფრაქცია "აიასტანის" მდივანმა არცვიკ მინასიანმა განაცხადა, რომ დღის წესრიგში ჩასმულია საკითხი, რომელიც არაკონსტიტუციურად არის წარმოდგენილი.
"ეროვნულ ასამბლეას არ აქვს უფლებამოსილება განიხილოს რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების გარეშე და ასევე მისი მრავალი რისკის გათვალისწინებით, რომლებთან დაკავშირებითაც საჭირო იყო გადაწყვეტილების მიღება ყოვლისმომცველი, ღრმა და დამცავი მოქმედებების შემდეგ", - განაცხადა მინასიანმა.
სომხეთში რომის სტატუტის რატიფიცირების პროექტი ჯერ კიდევ 1998 წელს დამტკიცდა. თუმცა, რატიფიკაციის პროცესი 2004 წელს შეჩერდა - მაშინ გადაწყდა, რომ იგი არ შეესაბამებოდა იმ დროს მოქმედი ქვეყნის კონსტიტუციას. 2023 წლის 24 მარტს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომლებიც რომის სტატუტშია გამაგრებული.
სომხეთის ხელისუფლებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაიწყეს რატიფიკაციის პროცესი, რათა მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის აზერბაიჯანის ხელისუფლება მომავალში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენილიყო.
რომის სტატუსის რატიფიცირების საკითხი რუსეთის მხრიდან უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მოსკოვში განაცხადეს, რომ რატიფიცირების შემთხვევაში ორივე ქვეყნის ურთიერთობისთვის "უკიდურესად ნეგატიური შედეგები" მოყვება.
17 მარტს, ICC-მ (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და რუსეთში ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის, კერძოდ ბავშვების იძულებით დეპორტაციასა და გადასახლებაში.
ეს კი ნიშნავს, რომ რომის სტატუტის ხელმომწერ სახელმწიფოში პუტინის ჩასვლის შემთხვევაში, ადგილობრივი ორგანოები ვალდებულნი არიან ის დააკავონ.