ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი ჟურნალისტებთან საუბრისას ეხმაურება გავრცელებულ ცნობებს, რომლის თანახმადაც, პატრიარქი ილია მეორე დღევანდელ სინოდის სხდომაზე თავისი გადადგომის საკითხს დააყენებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, დადგება თუ არა დღევანდელ სხდომაზე პატრიარქის გადადგომის საკითხი, მეუფე ანტონი ამბობს, რომ "არ იცის", თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ სინოდი "აბსოლუტურად ერთიანია" და პატრიარქის გადადგომის წინააღმდეგი იქნება.
"არ ვიცი, თვითონ შეიძლება გამოიტანოს [გადადგომის საკითხი], მაგრამ ჩვენ წინააღმდეგი ვიქნებით. [...] წინააღმდეგი ვიქნები, ყველა წინააღმდეგი ვართ, არცერთი მღვდელმთავარი არ არის, რომელიც მხარს დაუჭერს პატრიარქის გადადგომას. შანსი არ არის, იმიტომ რომ, პატრიარქი არის პატრიარქი, ის არის მხცოვანი და პატივს იმსახურებს", - აცხადებს მეუფე ანტონი.
ჟურნალისტებმა მეუფე ანტონს ჰკითხეს, განიხილება თუ არა დღევანდელ სინოდის სხდომაზე პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს უფლებამოსილების გაფართოების საკითხი, რაზეც მან თქვა, რომ "ემხრობა", თუმცა აქვე აღნიშნა, რომ "მეუფე შიო საკმარისად უფლებამოსილია".
"მე ვფიქრობ, რომ მეუფე შიო საკმარისად უფლებამოსილია, მეტი რაღა უნდა გაფართოვდეს. გაფართოების საკითხი თუ დადგება, განვიხილავთ თუ რა საკითხს ეხება და სფეროს, შეიძლება ვიმსჯელოთ და ზოგმა უარი თქვას, ზოგმა თანხმობა. მე ვემხრობი [გაფართოების საკითხს]. დღევანდელი თანამედროვე გამოწვევა ბევრს ითხოვს ჩვენგან და ამიტომ... რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ვართ, ეს კრიტიკული ოპოზიცია ხატავთ თქვენ, რომ ჩვენში რაღაც არის, ჩვენ ერთიანი ვართ. აბსოლუტურად, გაძლევთ გარანტიას, რომ სინოდი ერთიანია", - აცხადებს მეუფე ანტონი.
საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომაა ჩანიშნული. მიმდინარე წელს სინოდის სხდომა უკვე მეორედ ტარდება. პირველად სინოდის წევრები 2023 წლის 14 თებერვალს შეიკრიბნენ.