შთამაგონებელია თქვენი სოლიდარობა და დასანანია, რომ თქვენთან არ ვარ - ამაღლობელის წერილი

შთამაგონებელია თქვენი სოლიდარობა და დასანანია, რომ თქვენთან არ ვარ - ამაღლობელის წერილი

ქართული ოცნების რეჟიმის პოლიტპატიმარი, "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ციხიდან წერილს ავრცელებს.

მისი თქმით, შთამაგონებელია საზოგადოების მიმართ გამოხატული სოლიდარობა. მზია ამაღლობელი ასევე მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას არ მატოვოს საქართველო რუსეთისა და მისი ინტერესების გამტარი რეჟიმის პირისპირ.

მზია ამაღლობელის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"გილოცავთ კოლეგებს! კოლეგებს, რომლებიც ქართულ კრიტიკულ მედიას და საზოგადოებრივ ინტერესებს წარმოადგენთ. შთამაგონებელია თქვენი სოლიდარობა და დასანანია ახლა თქვენ გვერდით რომ არ ვარ.

ახლა, როცა სრულიად დაუცველ გარემოში გიწევთ მუშაობა და თქვენს ყოველდღიურ თავგანწირვაზეა დამოკიდებული, ისმოდეს უსამართლობის და წინააღმდეგობის ხმა. ხმა, რომელსაც ძალადობით, შანტაჟით, მუქარით და ათასგვარი გამოგონილი სასჯელით ახშობს ოლიგარქის რეჟიმი.

აქ, პატიმრობისას, განსაკუთრებით გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჩვენი პროფესია, ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება.

ბოტების, ტროლების, პროპაგანდის და ოლიგარქების სამყაროში ჩვენ უნდა შევძლოთ გადარჩენა და იდეალებისთვის, უკეთესი ევროპული მომავლისთვის მუშაობა.

მჯერა, სანამ ჯერ კიდევ იქნებიან და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გვეტყვიან მარტო არ ხართ, მანამდე შევძლებთ საკუთარი პროფესიის და ქვეყნის შენარჩუნების და განვითარებასაც.

ამიტომაც, მოგმართავთ მოქალაქეებს, ითანამშრომლოთ მედიასთან და ჟურნალისტებთან, ერთად ამხილოთ ყველა ის პირი, ინტერესთა ჯგუფი, ვინც ნორმად აქცია კორუფცია, უსამართლობა და ძალადობა. ვინც გვძარცვავს, გვაღარიბებს და გვღალატობს. მოვუწოდებ ქართულ ბიზნესს, რომ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი კრიტიკული მედიის გადარჩენაზე.

მივმართავ თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროს, ნუ მიგვატოვებთ რუსეთის და მათი ინტერესების გამტარ ავტორიტარულ რეჟიმთან პირისპირ მარტო. ნუ დაკარგავთ თავისუფლების ხმას საქართველოდან!"