შინაგან საქმეთა სამინისტრო უჩა აბაშიძესა და მის ცოლ მარიამ იაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყება აცხადებს, რომ ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი ცოლი სხვადასხვა ადამიანების ინტიმური კავშირის ამსახველ მასალებს უკანონოდ ინახავდნენ.
კერძოდ, ბრიფინგზე თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ აბაშიძის სახლში დაყენებული იყო ფარული ვიდეოკამერები, რომლებიც, უწყების მტკიცებით, აფიქსირებდნენ, აბაშიძისა და იაშვილის უკანონო საქმიანობის ამსახველ საქმიანობას.
"მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება, ან შეხვედრა და იგი მივიდოდა ხსენებულ ბინაში, მისგან მალულად ბრალდებულები სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს.
ბრალდებულმა პირებმა, უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში შეინახეს ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია.
სამართალდამცველების მიერ ინტიმური შინაარსის მქონე მასალების შემცველი ფაილების შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ მათზე აღბეჭდილნი არიან როგორც საქართველოს, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.
აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.
პოლიციამ ჩხრეკის შედეგად, თბილისში, აბაშიძის 22 ნომერში მდებარე უ.ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღო:
მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ფოტოაპარატი, გარე მეხსიერების ბარათები, ე.წ. „ვინჩესტერები“, ასევე, ვიდეორეგისტრატორი, დრონები, ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, მეხსიერების ბარათები, ხმის ჩამწერი მოწყობილობა, ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა , ოპტიკა და ა.შ.
პოლიციამ უ.ა.-ს საცხოვრებელი ბინიდან ასევე, ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები და სხვადასხვა სპეციალური საშუალებები, გარდა ამისა ამოღებული იქნა სამხედრო დანიშნულების ვაზნები, რომლებსაც დაკავებული უკანონოდ ინახავდა.
საქმეზე დანიშნული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული იარაღები და ვაზნები განეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
რაც შეეხება უ.ა.-ს მეუღლეს, მისი საცხოვრებელი ბინიდან, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის კომპიუტერული და ტექნიკური მოწყობილობები, ასევე მეხსიერების ბარათები ამოიღეს.
ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოწყობილობებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რომლის შესწავლისა და დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ როგორც უ.ა.-ს კომპიუტერულ ტექნიკაში,ასევე, მისი მეუღლის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობებში ინახებოდა უკანონოდ მოპოვებული პორნოგრაფიული ხასიათის ვიზუალური მასალები, რომლებიც ასევე შეიცავდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს", - აცხადებს შსს.