
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 მოქალაქე დააკავეს.
"წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 2002 წელს დაბადებული ი.ა. და 2002 წელს დაბადებული მ.კ.", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოღებულია.
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.