შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე რ.პ დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ბრალდებულმა, თბილისში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებულ კრიპტომატში ლამინირებული 100-ლარიანი კუპიურის გამოყენებით, საკუთარ კრიპტოვალუტის საფულეზე - ჯამში 30 900 ლარი ჩარიცხა" - წერია შსს-ის განცხადებაში.
ასევე ნათქვამია,რომ დანაშაულის დროს ბრალდებულს სპეციალური ნიღაბი ეკეთა, რათა იდენტიფიცირება რთული ყოფილიყო.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.