შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბანანით დატვირთული საზღვაო კონტეინერიდან 52 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ.
"სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი და განეიტრალებული იქნა ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც ე.წ. შავი ბაზრის 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ მაღაზიას მართავდა და ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა 1963 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, რომლის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად 4 კილოგრამამდე კოკაინი, 27 ათასი ცალი ექსტაზის აბი და 10 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება მდგმა ამოიღეს.
შსს წერს, რომ ბოლო პერდიოში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 ადამიანია დაკავებული, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორი.
მათივე თქმით, დაკავებულები არიან საქართველოს, ირანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთისა და ნიგერიის მოქალაქეები.
"პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დაკავებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და მათი ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები: ჰეროინი, კოკაინი, მდმა, ალფა პვპ, მეტამფეტამინი, მეტადონი, ჰაშიში და ფსიქოტროპული ნივთიერებები".
ასევე, უწყების ცნობით, ნივთმტკიცებად ამოიღეს სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფული.
გამოძიება სსსკ-ის 260-ე, 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.