
შს სამინისტრო გიორგი რამიშვილის, იგივე „ზარალას“, დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების განცხადების თანახმად, რამიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში დააკავეს, რადგან სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები აღმოაჩნდა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ.
სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.
დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა მას ტარების უფლება არ ჰქონდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლის შესაბამისი ნაწილები ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 8 წლამდე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება); და თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე (ქმედება, ჩადენილი: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ან არაერთგზის).