ევროპული საბჭო საქართველოს მოუწოდებს, "აჩვენოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობების მიმართ, გააგრძელოს დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები და შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, გააზრებულად და შეუქცევადად იმისთვის, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირში სამომავლო წევრობისკენ".
ეს ევროპული საბჭოს განსახილველ პროექტშია ნათქვამი, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.
ევროკავშირის "გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების" პროექტს, 12 დეკემბერს, ჯერ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე; 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.
როგორც რადიო თავისუფლება წერს, დოკუმენტი შედგენილია ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოცემული რეკომენდაციების საფუძველზე. პროექტში გადაწყვეტილების ნაწილი ჯერ ღიაა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს 9 დათქმით, უკრაინასა და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს.
დოკუმენტის თანახმად, საბჭო მხედველობაში იღებს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სწრაფვას ევროკავშირის წევრობისკენ.
საქართველოს შემთხვევაში საბჭო განსაკუთრებით გამოყოფს და მიესალმება:
რადიო თავისუფლების ცნობით, ტექსტში ხაზგასმულია, რომ "ეს ელემენტები საქართველოსთვის უზრუნველყოფენ მტკიცე საყრდენს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების წინ წასაწევად".
ტექსტის პროექტის მიხედვით, საბჭო შეახსენებს საქართველოს აღებულ ვალდებულებას, რომ სამოქალაქო საზოგადოებას „გარანტირებულად ექნება თავისუფლად მუშაობისა და აქტიური, ინკლუზიური და გააზრებული ჩართულობის შესაძლებლობა პოლიტიკის შემუშავების პროცესში“.
„ეს უზრუნველყოფდა რეფორმირების უფრო ეფექტიან და მდგრად პროგრესს ფუნდამენტურ სფეროებში, კერძოდ - კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების მხრივ“, - წერია საბჭოს დასკვნების პროექტში.
ასევე მითითებულია, რომ "საბჭო მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში - აჩვენოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, გადალახოს პოლარიზაცია და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა და შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და რეფორმების დღის წესრიგი".
დოკუმენტში გამოყოფილია ასევე გაფართოებისთვის ფუნდამენტური შემდეგი საკითხები:
პროექტის თანახმად, ევროპული საბჭო ხაზს უსვამს „დეზინფორმაციასთან, უცხო ქვეყნების საინფორმაციო მანიპულაციასთან და ევროკავშირის, მისი ფასეულობების წინააღმდეგ ჩარევასთან“ ბრძოლის მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს „გადადგას გააზრებული ნაბიჯები“ ამ მიმართულებით.
საბჭო ხაზს უსვამს „ძლიერ მოლოდინს“, რომ საქართველო „არსებითად გაზრდის თავსებადობას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან“ და „შემზღუდველ ზომებთან, მათ შორის - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებთან შესაბამისად“.
"ის [საბჭო] მოუწოდებს საქართველოს პრიორიტეტულად შეცვალოს ნეგატიური ტენდენცია და განაგრძოს სვლა სრული თავსებადობისკენ. ეს იქნება ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის ნათელი ნიშანი ევროკავშირის წევრობისთვის" , - წერია ტექსტში.
გაფართოების შესახებ დოკუმენტის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს "ევროკავშირთან კარგი თანამშრომლობა ევროკავშირის შემზღუდველი ზომების გვერდის ავლის პრევენციის მიმართულებით, მათ შორის - რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ".
გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ საბჭო ხაზს უსვამს, რომ უნდა გაძლიერდეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის და განსაკუთრებით - სასამართლო, საპროკურორო და მონეტარული ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა და უზრუნველყოფილ იქნას ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს, "უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი 2024 წელს და სრულად შეასრულოს OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, წინა არჩევნებიდან“.
არჩევნებთან მიმართებით საბჭო აღნიშნავს, რომ „ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მტკიცე ჩარჩო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიის გასაძლიერებლად"
საბჭო კვლავ აცხადებს, რომ "საქართველომ სრულად უნდა სცეს პატივი ფუნდამენტურ უფლებებს":
საბჭო კვლავ აცხადებს, რომ "მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში".
ხაზი ესმება ასევე, რომ ევროკავშირი კვლავ რჩება "კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისა და ასევე არაღიარებისა და ჩართულობის თავისი პოლიტიკის მტკიცე მომხრედ, მათ შორის - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნით საქართველოში".