შალვა პაპუაშვილი ამჯერად მთის ამბების რედაქტორს ესხმის თავს

შალვა პაპუაშვილი ამჯერად მთის ამბების რედაქტორს ესხმის თავს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი OC Media-ს შემდეგ, გამოცემა მთის ამბებს და მის რედაქტორს, გელა მთივლიშვილს ესხმის თავს და მას "თვითგამოცხადებულ ჟურნალისტად" მოიხსენიებს.

"ესეც არის მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ცალმხრივი, გადაუმოწმებელი ჟურნალისტიკა. ჩვენ კრიზისულ სიტუაციაში ვნახეთ თვითგამოცხადებული ჟურნალისტი, რომელიც ტყუილის გავრცელებით პანიკას თესავდა მოსახლეობაში", - ამბობს ის.

***

12 სექტემბერს OC Media-მ დაწერა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მოსაზრების, OP-ED-ის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც, შალვა პაპუაშვილმა გამოცემის დონორებს საკუთარი პრეტენზიები წარუდგინა და ამ გზით სცადა, გამოცემაზე გავლენის მოხდენა ან მისი დასჯა.

OC Media-ს განცხადებით, მინიმუმ ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც მათ აფინანსებს, დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა, უარის თქმის შემდეგ, მათ წერილობით მიმართა.

OC Media-ს მიხედვით, დონორისთვის მიწერილ წერილში, რომელიც მათ თავად ნახეს, პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასა და დონორს შორის თანამშრომლობა "საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების საერთო აღქმას ეყრდნობა".

მოგვიანებით, პაპუაშვილი ამისთვის თანაგუნდელებმა შეაქეს. კერძოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პაპუაშვილმა დონორებთან მიწერით "ძალიან კარგი გააკეთა".