
რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, შეხვედრაზე გაჟღერდა მოწოდება, რომ საქართველომ მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან.
"სენატორი დეინსი დღეს მიესალმა საქართველოს პრემიერმინისტრ კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა განეხილა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხები.
სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ჩვენი საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კობახიძის პრესსამსახურმაც.
სენატორის საქართველოში ვიზიტის შესახებ აშშ-ის საელჩომ დილით დაწერა. მათი თქმით, ის გააჟღერებს ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ.
სენატორი უკვე შეხვდა მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.