სენატორები რიში და შაჰინი რუსულ კანონზე: დაჟინებით მოვუწოდებთ პარლამენტს, უარი თქვას ამაზე

სენატორები რიში და შაჰინი რუსულ კანონზე: დაჟინებით მოვუწოდებთ პარლამენტს, უარი თქვას ამაზე

ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, სენატორმა რიშიმ და ევროპასთან თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინი განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება ისევ ეცდება ე.წ. რუსული კანონის მიღებას.

როგორც სენატორების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი პარლამენტს მოუწოდებენ უარი თქვან ე.წ. რუსული კანონის მიღებაზე.

"წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელია იმის ხილვა, რომ საქართველოს ხელისუფლება აბრუნებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონს. ეს ყოველივე უფრო მეტად ყოფს ქვეყანას. ეს ჰგავს კანონებს, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური ოპოზიციის შეზღუდვისთვის. დემოკრატიულ ხელისუფლებას საქართველოში ამის მიზეზი არ უნდა ჰქონდეს.

2023 წლის მარტში ქართველმა ერმა შემოთავაზებული კანონი მასობრივი დემონსტრაციებით უარყო. ეს კანონპროექტი არამხოლოდ პოლიტიკურ პროცესს წაიყვანს არასწორი მიმართულებით, არამედ ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მომავალს ევროკავშირში. ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული მომავლის გადამწყვეტი ინდიკატორი გახდება. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უარი თქვას ამ წინადადებაზე", - წერია განცხადებაში.

***

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა დღეს გააჟღერა.

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.

პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.