
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს, იგივე "ზარალას" აღკვეთის ღონისძიების სახით, 70 000- ლარიანი გირაო შეუფარდა.
იგი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.
მას გირაოს გადახდისთვის 30-დღიანი ვადა აქვს.
თავად რამიშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ მან აეროპორტში წასვლამდე ვერ შენიშნა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ჩანთაში იდო.
"მინდა აღვნიშნო, რომ იარაღის ტარება - ესე გამოდის მაგრამ ეს არის ძალიან ხმამაღალი ნათქვამი. მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს არის შეცდომა. მე რომ ეს მცოდნოდა, არ წამოვიღებდი იარაღს. მივფრინავდი, იარაღი ჩანთაში იდო და უბრალოდ ვერ შევამჩნიე და აქედან გამომდინარე ეს კვალიფიკაცია, რომ ვატარებდი იარაღს, არაა სწორი, უბრალოდ ჩანთაში იდო და ეგრევე წავედი. რა თქმა უნდა, მე ამით არ ვამაყობ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ესეთი სახის შეცდომები გაყვანილი იყოს ისეთ რანგში, როგორც პროკურორი ითხოვს. მგონია რომ ეგ ზედმეტია.
ძალიან ვნანობ. ეს ძალიან დიდი მაგალითი იქნება ჩემთვის", - თქვა მან.
"ზარალას" სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევას ედავებოდნენ, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.