პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.
"ახლა, როცა [იმპიჩმენტთან დაკავშირებით] განცხადებებს ვაკეთებ, ვცდილობ, ამის ნაკლები იმედი მაქვს, მაგრამ დავითანხმო ოპოზიციიდან კოლეგები. ჩავთვალოთ, რომ ეს არის მოწოდება ყველა ოპოზიციონერი დეპუტატისთვის, რომ მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას. არაფორმალურ გარიგებებზე არც არასდროს გვქონია ასეთი პრაქტიკა და არც მომავალში ვგეგმავთ ამის გაკეთებას", - ამბობს სარჯველაძე.
ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს. 31 აგვისტოს ის ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.