ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ "აღვირახსნილი და ნეგატიური კამპანია" მიდის.
"კვლავაც ისმის აღვირახსნილი, ნეგატიური კამპანია ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ. მე არ მგონია, რომ გამოხატვის ის ფორმები, რომელსაც ცალკეული პირები ამ მიმართულებით იყენებენ, დასაშვები იყოს. იმიტომ, რომ ეს სინამდვილეში, შეურაცხყოფს ბევრი ადამიანის, სასულიერო პირების ღირსებას", - თქვა სარჯველაძემ.
20 იანვარს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოვლაბის წევრს, გიორგი კანდელაკს, ასევე, ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელს, ბექა მინდიაშვილს დაესხა თავს და ისინი "საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმაში" დაადანაშაულა.
პაპუაშვილმა მაგალითად მოიყვანა იოსებ სტალინის გამოსახულებიანი ხატი და განაცხადა, რომ ეს შეტევა "კოორდინირებულია". მისი თქმით, "დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის" ნაზავი გასცდა ეკლესიაზე აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს და მიუახლოვდა იმ "საშიშ ზღვარს, რომლის მიღმაც სამოქალაქო მშვიდობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეიძლება იყოს".
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა არასამთავრობო სექტორების დაფინანსებაზეც და განაცხადა, რომ "ე.წ. ენჯეო-სექტორი თითქმის სრულად არის დომინირებული პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც უცხოური დაფინანსებით პარტიულ პროპაგანდას ეწევიან".