საფრთხეები და ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამობა - საიას ანალიზი პრევენციულ დაკავებაზე

საფრთხეები და ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამობა - საიას ანალიზი პრევენციულ დაკავებაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ქართული ოცნების მიერ მიღებული მორიგი უკანონო და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი საკანონმდებლო ცვლილება გაანალიზა, რომლის მიხედვითაც პოლიციელს შეუძლია პრევენციულად, მხოლოდ მისი ვარაუდის საფუძველზე, მოქალაქე დააკავოს.

საიას მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ ანალიზში დეტალურადაა განხილული, როგორ ეწინააღმდეგება ეს რეგულაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს და არღვევს თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებს.

2024 წლის 13 დეკემბერს ქართულმა ოცნებამ ცვლილება შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის 244-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა პირის პრევენციულად დაკავების შესაძლებლობა.

ახალი რეგულაციით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როდესაც ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით, დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება“.

ორგანიზაციის ცნობით, წარმოდგენილი კვლევის მიზანია, შეაფასოს, რამდენად შეესაბამება პრევენციული დაკავების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „“ ქვეპუნქტით დაცულ პრინციპებს (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება).

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლში პრევენციული დაკავების უფლებამოსილების გაჩენის იზოლირებულმა ცვლილებამ წარმოშვა კომპლექსური საკითხები, რომლებიც ამ ეტაპზე არც კანონმდებლობით და არც სასამართლო პრაქტიკით არ არის გადაწყვეტილი. ამ საკანონმდებლო ცვლილებამ გააჩინა განჭვრეტადობის პრობლემა იმ თვალსაზრისით, რომ უცნობია, რა ეტაპზე ჩნდება პირის პრევენციული დაკავების უფლებამოსილება - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ სურვილის საჯაროდ ან პირად სივრცეში გამოხატვიდან, თუ იმ მომენტიდან, როცა ადამიანი კონკრეტული ქმედებით მოამზადებს ან შეეცდება სამართალდარღვევის ჩადენას.

ასევე, გაურკვეველია, პოლიციას მხოლოდ იმის უფლება აქვს, პრევენციულად დააკავოს პირი, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელის დაკისრებიდან ერთი წელი არ არის გასული, თუ შეუძლია ნებისმიერი ისეთი ადამიანის დაკავება, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩაუდენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელის დაკისრებიდან გასული პერიოდის მიუხედავად. პრევენციული დაკავება არ ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორების მყისიერი საფრთხე. ამასთანავე, პოლიციას აქვს ადამიანის პრევენციული დაკავების შესაძლებლობა ისე, რომ მას არ ეკისრება იმ კონკრეტულ და სპეციფიკურ სამართალდარღვევაზე მითითების ვალდებულება, რომლის ჩადენის პრევენციისთვისაც პირს აკავებს. სამართალდარღვევათა კოდექსი პოლიციისგან არ ითხოვს, მიუთითოს ადგილი და დრო, სადაც შეიძლებოდა სამართალდარღვევა მომხდარიყო, ან დაასახელოს ამ სამართალდარღვევის პოტენციური დაზარალებული.

პრევენციული დაკავების შემთხვევაში გამოიყენება ადმინისტრაციული დაკავების ზოგადი ვადები: ერთი დღე-ღამიდან ორ დღე-ღამემდე პერიოდი, მაშინ, როცა სასამართლო კონტროლის გარეშე პრევენციული დაკავება დღე-ღამის კი არა, რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა დასრულდეს - იმ მყისიერი საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას განაპირობებს. კანონმდებლობა ადგენს პრევენციული დაკავების, როგორც ultima ratio საშუალების გამოყენების ვალდებულებას, თუმცა პრაქტიკაში აუცილებელია ამ მოთხოვნის ზედმიწევნით დაცვა"- ნათქვამია ანალიზში.

საიას სრული კვლევა.