საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინის დემილიტარიზაცია მიუღებელია

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინის დემილიტარიზაცია მიუღებელია

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ, განაცხადა, რომ უკრაინის არმია ქვეყნის "მთავარი უსაფრთხოების გარანტიაა" და პარიზი მკაცრად დაუპირისპირდება "უკრაინული არმიის ნებისმიერი დემილიტარიზაციის" იდეას.

ლეკორნუმ ეს განცხადება პარიზში თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმის გახსნისას გააკეთა, სადაც მოგვიანებით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც გამოვა სიტყვით. ფორუმის პარალელურად დაგეგმილია ევროპული ქვეყნების გენერალური შტაბების ხელმძღვანელთა შეხვედრა, რომელშიც მაკრონიც მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრაზე შესაძლოა განიხილონ ევროპის ქვეყნების ჩართულობა უკრაინაში შესაძლო სამშვიდობო მისიაში.

მოსკოვი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ძალების ნებისმიერ სტატუსით ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე.

ვლადიმირ პუტინი სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღიდან მოითხოვდა უკრაინის "დემილიტარიზაციას", რაც კიევისთვის, ისევე როგორც დასავლეთისთვის, კატეგორიულად მიუღებელია.