საპატრიარქო სასულიერო პირებს: თუ აქციამ დესტრუქციული სახე მიიღო, მონაწილეობა არ მიიღოთ

საპატრიარქო სასულიერო პირებს: თუ აქციამ დესტრუქციული სახე მიიღო, მონაწილეობა არ მიიღოთ

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და დღეს პარლამენტთან ძალადობრივი ჯგუფების მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება. საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ აქცია "პოლიტიკურ ან დესტრუქციულ" ხასიათს მიიღებს, მონაწილეობა არ მიიღონ.

"ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში. სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა", - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქომ განცხადება 11 იანვარსაც გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ რადგან წმ. მატრონას სტალინთან შეხვედრის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, "აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა".

ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 6 იანვარს გავრცელდა - დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

მოგვიანებით ხატის ამსახველი ვიდეო პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმაც გამოაქვეყნა.

9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს. საღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმ დღესვე დაიწყო - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

10 იანვარს კი ფერაძის სახლთან ძალადობრივი, ჰომოფობიური, პრორუსი ალტ–ინფოს წევრები მივარდნენ და მას ემუქრებოდნენ. პოლიციამ მას სახლთან მისვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე მოხდა მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.