საპატრიარქოს ინფორმაციით, 10 მაისს მომხდარი "ინციდენტის" გამო, ქაშუაეთის ეკლესია საპროტესტო აქციების დროს, ღამით, ღიას აღარ დატოვებენ.
"10 მაისს ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხდა სამწუხარო ინციდენტი. აქედან გამომდინარე, შემდგომი შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რათა ტაძარი დაიკეტოს ჩვეულ დროს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დრომდე ტაძარი ამა თუ იმ საპროტესტო აქციების დასრულებამდე (ხშირად დილის სამ, ოთხ საათამდე) ღია იყო", - წერია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.
რაც შეეხება "ინციდენტს", საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებასთან საუბარში დეკანოზმა დავით დელიბაშვილმა თქვა, რომ 10 მაისს, წირვის დაწყებამდე, სამმა ახალგაზრდამ საკურთხეველში შესვლა მოითხოვა, სასულიერო პირებისგან უარის მიღების გამო კი მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.