
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, უკანონოდ დაკავებული აქტივისტი და მასწავლებელი, ნინო დათაშვილი მოინახულეს.
ომბუდსმენის ოფისის განცხადებაში წერია, რომ დათაშვილმა მათთან არაერთ საკითხზე ისაუბრა, რომლებთან დაკავშირებითაც, სახალხო დამცველმა შსს-ს პროკურატურასა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს მიმართა.
იოსელიანის უწყებაში აცხადებენ, რომ აქტივისტის თხოვნით, მასზე მოწოდებული ინფორმაცია არ გასაჯაროვდება.
"27 ივნისს, 11 და 16 ივლისს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ნინო დათაშვილი მოინახულეს.
შეხვედრისას ნინო დათაშვილმა რწმუნებულებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, რის შესახებაც, სახალხო დამცველის აპარატმა, რეაგირების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს მიმართა.
აღსანიშნავია, რომ ნინო დათაშვილმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს 11 ივლისს მოსთხოვა, მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია არ გამხდარიყო საჯარო. შესაბამისად, აპარატს არ გაუსაჯაროებია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ", - წერია სახალხო დამცველის სამსახურის განცხადებაში.