სახ.დეპის მრჩეველი პროტესტებთან და რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით ღარიბაშვილს ესაუბრა

სახ.დეპის მრჩეველი პროტესტებთან და რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით ღარიბაშვილს ესაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციებთან და რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა.

"პროტესტებთან და უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვესაუბრე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს. [უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი] ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისკენ ეწინააღმდეგება. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიცვას მშვიდობიანი შეკრებები და მომიტინგეებს მშვიდობიანი პროტესტი", - წერს შოლე Twitter-ზე.

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე საათის განმავლობაში რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. მოგვიანებით პოლიციამ და სპეცრაზმმა მშვიდობიანი მომიტინგეების წყლის ჭავლით, ცრემლმდენი გაზითა და სხვა სპეციალური საშუალებებით დარბევა დაიწყო, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა. დემონსტრანტებს ძალისმიერი მეთოდებით აკავებდნენ. მთელი ღამის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ასევე ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს მათი პროფესიული მოვალეობების შესრულებას, აყენებდნენ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

***

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

8 მარტის მონაცემებით, ჯამში 76 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ადვოკატის ცნობით, ჯაფარიძე ნაცემია და ხელკეტების რტყმისგან დაზიანებები აქვს თავზე.