სახ.დეპი: აშშ ქართველი ხალხის მხარესაა

სახ.დეპი: აშშ ქართველი ხალხის მხარესაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპიკერს მეთიუ მილერს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ვითარებაზე ჰკითხეს.

მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ შეშფოთებულია ნაბიჯებით, რომელიც მთავრობამ ევროინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგა.

"ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რომლებიც მათ [ქართულმა ოცნებამ] ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე გადადგეს. გზაზე, რომელზეც მიდიოდნენ და რომელსაც ქართველი ხალხი უჭერდა მხარს", - თქვა მეთიუ მილერმა.

ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ მეთიუ მილერს სანქციების დაწესებაზეც ჰკითხა, რაზეც სახ.დეპის სპიკერმა თქვა, რომ "სანქციებს ტრიბუნიდან წინასწარ არ მიმოიხილავენ".

"როგორც იცით, სანქციებს ამ ტრიბუნიდან წინასწარ არ მიმოვიხილავთ, თუმცა როდესაც სანქციების შესახებ განცხადებები გვაქვს გასაკეთებელი, ვაკეთებთ", - უპასუხა მეთიუ მილერმა და ამ კონტექსტში აშშ-ის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება და მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერება გაიხსენა.

მეთიუ მილერის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მხარესაა.