საქართველოს სხვადასხვა ქალაქში რუსულ კანონს აპროტესტებენ, რომელიც პირველი მოსმენით გუშინ ქართულმა ოცნებამ მიიღო.
"ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ" - მშვიდობიანი აქციის ფარგლებში კანონპროექტი გააპროტესტეს გორში. როგორც ისინი აცხადებენ, ამ კანონით დაიკარგება ის სიკეთეები, რაც არის ეკონომიკური გაძლიერება და ქალთა უფლებები.
"დღეს 8 მარტს, სიმბოლურად, სოფლად მცხოვრები ქალების გვინდა იმ სიკეთეებისა და იმ შესაძლებლობების მოხმარება, რასაც ჩვენთვის იმეტებენ მეგობარი ქვეყნები. ჩვენ გაძლიერება, განვითარება და ევროპა", - თქვა მარიამ ბუჩუკურმა.
"ევროპა ჩვენი არჩევანია", "არა რუსულ კანონს" - ბათუმში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქალაქო სასამართლოდან ევროპის მოედნისკენ მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით ისინი წლებია, ევროპული და ამერიკული გრანტებით სარგებლობენ და ეხმარებიან ძალადობის მსხვერპლ ქალებს,ამდენად მიუღებელია მათთვის ე.წ რუსული კანონი. მათი განცხადებით, ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი და არ შეეგუებიან კანონს რომელიც ზღუდავს ქართველი ხალხის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას.
უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღებას აპროტესტებენ ოზურგეთში. ოზურგეთის მცხოვრებლები ასევე სოლიდარობას გამოხატავენ თბილისში გამართული აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად დაარბია. აქციის ორგანიზატორი არის ორგანიზაცია - სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის.
რუსული კანონის საწინააღმდეგო მოძრაობას, ახალციხიდანაც უერთდებიან. მოქალაქეები ქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან. მიტანილი აქვთ ევროკავშირის დროშები და ტრანსპარანტები. იქ არიან სამოქალაქო სექტორისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას თავიდან აირიდოს სამოქალაქო დაპირისპირება და სახელმწიფოებრივად იმოქმედოს.
"მრცხვენია დღეს, რომ ჩვენმა ახალციხელმა ისეთ რაღაცაზე მოაწერა ხელი, რომელმაც შეიძლება ძალიან დიდ შავ ლაქად დარჩეს საქართველოს ისტორიაში", - ამბობს აქციის მონაწილე.