პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად არჩევის შემდეგ, გოგა კიკილაშვილი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მისი პიროვნული და პროფესიული "დისკრედიტაცია" ხდება.
ცნობისთვის, ის იმ მოსამართლის შვილია, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ ქართული ოცნების წარდგინებას დაუჭირა მხარი. მისი არჩევის შემდეგ, ოპოზიციამ განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ მოსამართლის შვილი "დაასაჩუქრა".
"მსურს, გამოვეხმაურო მიმდინარე საინფორმაციო კამპანიას, რომელიც შეიცავს არასწორ მონაცემებს ჩემს შესახებ, მიზნად ისახავს ჩემს პროფესიულ და პიროვნულ დისკრედიტაციას და ადგილი აქვს მცდელობას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ჩემი არჩევა დაუკავშირდეს არა ჩემს პროფესიულ კვალიფიკაციას, არამედ ნათესაურ კავშირებს.
საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა 2022 წლის 30 სექტემბერს და კანდიდატთა საკომიტეტო მოსმენები განხორციელდა 2022 წლის დეკემბერში. კანდიდატთა მოსმენა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში და ჩანაწერები დღემდე ხელმისაწვდომია.
[...] მიმაჩნია, რომ ჩემი კვალიფიკაცია, სრულად შეესაბამება დაკავებულ პოზიციას და ჩემს შესახებ არასწორი და არასრული მონაცემების მიზანმიმართულად გავრცელება ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - აცხადებს ის.
გუშინ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია - გოგა კიკილაშვილსა და ლევან ნემსაძეს მხარი 90-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრა ფარული იყო, შესაბამისად, უცნობია, ვინ მისცა ხმა წარმოდგენილ კანდიდატებს ოპოზიციიდან.
ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა თქვა, რომ გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.
მანამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2 არამოსამართლე წევრის არჩევის პროცესი პარლამენტში რამდენჯერმე ჩავარდა.
17 მაისს, პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არამოსამართლე წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე 3 ახალი წევრი აირჩიეს - ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა). ამის შემდეგ ოპოზიციამ დარბაზი დატოვა და კენჭისყრა შეწყდა.
კანდიდატების მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი - 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქართული ოცნების კანდიდატებს დაუჭირა მხარი. დეპუტატები ამბობდნენ, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი მმართველ გუნდს გაურიგდა.
კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი. იმავე დღეს ჩხეიძეებმა და მაჭუტაძემ ენმ-ს ფრაქცია დატოვეს.
ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არავინ შეირჩა. კენჭისყრის მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.