საია: ტექნიკური შემოწმებისას დადგინდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს არჩევანი ხილვადია

საია: ტექნიკური შემოწმებისას დადგინდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს არჩევანი ხილვადია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თეთრიწყაროს სასამართლოზე, ტექნიკური შემოწმებისას დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია.

როგორც საიას განცხადებაშია აღნიშნული, ეს მოსამართლის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა.

"მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ საიას შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შემთხვევითი შერჩევით წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი 3-3 უბნის ბიულეტენები, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალია. მოსამართლემ ასევე მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია", - წერია განცხადებაში.

***

3 ნოემბერს, სამართლიანი არჩევნების (ISFED) დირექტორმა თქვა, რომ თბილისის საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა მათი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ საქალაქო სასამართლომ ხმის ფარულობის უფლებაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი არ დააკმაყოფილა.