საია: მზია ამაღლობელის პატიმრობის განხილვაზე უარი სააპელაციოში გასაჩივრდა

საია: მზია ამაღლობელის პატიმრობის განხილვაზე უარი სააპელაციოში გასაჩივრდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იუწყება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართეს "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით.

საია-ს ცნობით, სარჩელი ეხება 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა. კერძოდ, 13 თებერვალს ამაღლობელის გათავისუფლების შუამდგომლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს, თუმცა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 14 თებერვალს ის დაუშვებლად ცნო.

საია მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობა სასამართლოს მხრიდან შექმნილი ხელოვნური ბარიერია, რათა არ მოხდეს ახალ, უტყუარ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე მსჯელობა.

"დღეს, კიდევ ერთხელ მივმართეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. ამავე სასამართლომ ერთხელ უკვე დაუშველად ცნო და არ განიხილა დაცვის მხარის საჩივარი მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენების გამო.

დღეს წარდგენილი საჩივარი შეეხება 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას. როგორც საზოგადოებისათბის ცნობილია, 2025 წლის 13 თებერვალს, ხელახლა მივმართეთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ, 2025 წლის 14 თებერვალს შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. ცალსახად ვაცხადებთ, არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მზია ამაღლობელის პატიმრობას გაამართლებს, მისი პატიმრობა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. ჩვენი შუამდგომლობის დაუშვებლობა ხელოვნური ბარიერია იმისათვის, რომ სასამართლომ არ იმსჯელოს შუამდგომლობაში მითითებულ ახალ, უტყუარ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ახალი განჩინება, 2025 წლის 14 იანვრის განჩინების მსგავსად, არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან უხეშად არღვევს როგორც მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას, ისე ყოველგვარ საერთაშორისო სტანდარტებს.

2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა 2 საფუძვლით: რომ (ა) არსებობდა მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე და (ბ) ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

2025 წლის 14 იანვრის განჩინებაში მითითებული საფრთხეები ხელოვნური და დაუსაბუთებელი იყო, მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ დაუშვა და არ განიხილა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი.

ჩვენს ხელთ არსებული საქმის მასალებით დგინდება, რომ გამოძიებამ მზია ამაღლობელის პატიმრობის მოთხოვნის შემდეგ გამოკითხა აჭარის პოლიციის სამმართველოს სულ 4 პოლიციელი, მანამდე გამოკითხული ჰყავდა ამავე სამმართველოს 2 პოლიციელი. აშკარაა, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა არ იყო საჭირო იმისათვის, რომ გამოძიებას გამოეკითხა 4 პოლიციელი, რომლებზეც მზიას მხრიდან ზეწოლის საფრთხე თეორიულადაც კი გამორიცხული იყო, არათუ აკმაყოფილებდა ასეთი საფრთხის არსებობის გონივრული ეჭვის რაიმე სტანდარტს. გარდა ამისა, მზია ამაღლობელისათვის ბრალად შერაცხული ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოკადრზე, რომლის შეცვლაც შეუძლებელია რომელიმე მოწმეზე ზემოქმედებით.

მოსამართლემ მზია ამაღლობელის პატიმრობა თავდაპირველად ასევე დაასაბუთა მისი წინმსწრები ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, რის საფუძველზეც უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ მზია ამაღლობელმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ამდენად, მაღალია მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

როგორც მედიის მიერ გავრცელებული კადრებით უტყუარად დასტურდება, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავება უკანონო იყო. იგი დააკავეს იმ ქმედებისათვის, კერძოდ, ე. წ. „სტიკერის“ გაკვრისთვის ადმინისტრაციული შენობის ღობეზე, რაც არ წარმოადგენს ადმინისტარციულ სამართალდარღვევას. ამდენად, დაკავების შემდეგ პოლიციამ გააყალბა დაკავების ოქმი და მიუთითა, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს არა „სტიკერის“ გაკვრის, არამედ პოლიციისათვის მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ვიდეოკადრები არათუ გამორიცხავს დაკავების ოქმში მითითებულ ამ სიყალბეს, არამედ, ამავდროულად ცხადად აჩვენებს, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს არარსებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის. როგორც დაკავებამდე, ისე დაკავებისას და ასევე, დაკავების შემდეგ მას არ უთქვამს არცერთი სიტყვა, მით უფრო პოლიციის მისამართით, არამედ იგი უსიტყვოდ დაემორჩილა უკანონო დაკავებას, რომელიც განახორციელა აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ.

შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო დაეშვა დაცვის მხარის შუამდგომლობა, თანდართული ახალი მტკიცებულებებით (ვიდეოფაილების ჩათვლით), დაენიშნა შუამდგომლობის ზეპირი მოსმენა და გაეუქმებინა მზია ამაღლობელის პატიმრობა.

სასამართლომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობის საპირწონედ სათანადო ბრალდების ტვირთი გასწიოს პროკურორმა. მოცემულ შემთხვევაში, ბათუმის სასამართლოს მოსამართლე ლ. ყოლბაიამ არა თუ არ დანიშნა ზეპირი მოსმენა, მან დაარღვია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პროკურატურის სასარგებლოდ, და უფრო მეტიც, თავად ჩაენაცვლა ბრალდებას. სასამართლომ მხარეთა მოსმენის გარეშე გადაწყვიტა, რომ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები არ ამცირებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებულ რისკებს. ამასთან, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ ახსენა, არ შეაფასა, დამალა ის ახალი გარემოებები და მტკიცებულებები, რაც წარვადგინეთ შუამდგომლობასთან ერთად და რასაც ეყრდნობოდა შუამდგომლობა.

შესაბამისად, სასამართლოს მორიგი უკანონო გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მზიას პატიმრობა ემსახურება მისი სამაგალითოდ დასჯის და მასზე ანგარიშსწორების მიზანს ჟურნალისტური საქმიანობისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის.

დღეს წარდგენილი საჩივრით ქართული მართლმსაჯულების სისტემას კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი დაასრულოს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური დევნა და წერტილი დაუსვას მის უკანონო პატიმრობას," - წერია საია-ს განცხადებაში.