საია: დღეს, საოლქო კომისიებში ხმის ფარულობაზე ჩვენს საჩივრებს განიხილავენ

საია: დღეს, საოლქო კომისიებში ხმის ფარულობაზე ჩვენს საჩივრებს განიხილავენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, დღეს 18:00 საათიდან საოლქო საარჩევნო კომისიებში საია-ს საჩივრების განხილვა ხმის ფარულობასთან დაკავშირებით ჩაინიშნა.

საია-ს ცნობით, მათ კომისიებს საჩივრები წარუდგინეს, რომლითაც ისინი 2 263 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. ეს უბნებია, სადაც არჩევნები ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით ჩატარდა.

"ჩვენი იურისტები მზად არიან მტკიცებულებებითა და არგუმენტებით დაამტკიცონ, რომ 2024 წლის საპარალამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა მასობრივად დაირღვა.

პირველ ეტაპზე, საოლქო საარჩევნო კომისიებში ვიდავებთ , ხოლო შემდეგ საქმე საერთო სასამართლოებში გადავა. საია-ს მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე", - ნათქვამია განცხადებაში.

**

30 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოაციაციამ (საია) საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სია შეაჯამა. ისინი 3 111 უბნიდან 2 263-ის ბათილად ცნობას ითხოვენ. მათივე თქმით, ეს ის უბნებია, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ასევე, პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდებენ, რომელიც ამომრჩევლის ხმის ფარულობას ეხება. ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ, ბრიფინგზე ისაუბრა.

"არჩევნებამდე ცესკომ ჩაატარა სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები, გამოიყენეს ბიულეტენის მსგავსი ქაღალდი, რომელიც ჩვენი დაკვირვების შედეგად, სათანადო ხარისხის არ ყოფილა და მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წერილით, ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვით. მათი პასუხით, სასწავლო ეტაპზე გამოყენებული იყო სხვა ხარისხის ქაღალდი, ხოლო არჩევნების დღეს სხვა ხარისხის ფურცელი იქნებოდა. ეს პირობა არ შესრულდა", - განაცხადა 30 ოქტომბერს, საია-ს ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ.