საია: ადვოკატისთვის ბინაში შესვლის საშუალების აკრძალვა სისხლის სამართლის დანაშაულია

საია: ადვოკატისთვის ბინაში შესვლის საშუალების აკრძალვა სისხლის სამართლის დანაშაულია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბლოგერის უჩა აბაშიძის სახლში პოლიციის შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ადგილზე აბაშიძის დასაცავად მისულია არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატი, თუმცა მას პოლიცია სახლში შესვლის საშუალებას არ აძლევს.

საია საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს მისცეს ადვოკატს უჩა აბაშიძის სახლში შესვლის საშუალება და მისცეს მას ბლოგერთან შეხვედრის შესაძლებლობა.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ამ დროისთვის მიმდინარეობს უჩა აბაშიძის საცხოვრებლის ჩხრეკა.

ადგილზე მისულია არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატი, რათა დაიცვას უჩა აბაშიძის ინტერესები და დაესწროს საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა, უწყება არ აძლევს მას ბინაში შესვლის და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობას.

აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს ამ პირის დაცვის უფლების შეზღუდვას, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებას, ადვოკატს დაუყოვნებლივ მისცეს საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრების და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შესაძლებლობა, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველსა და ადვოკატთა ასოციაციას შეისწავლოს ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტი და მოახდინოს მასზე შესაბამისი რეაგირება", - წერია განცხადებაში.

***

უჩა აბაშიძის ძმა აცხადებს, რომ ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია, რა მდგომარეობაშია ბლოგერი. იგი ამასთანავე ამბობს, რომ პოლიციელებს ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ ჩხრეკის ორდერი და არც განუმარტავთ, "საერთოდ არსებობს თუ არა."

"არაფერი განმიმარტეს. ისიც არ ვიცით რა მდგომარეობაშია. მხოლოდ მითხრეს ის, რომ მოძიება მიმდინარეობს და სახლში ვერ შევალ. ვუთხარი, რომ ძმა ვარ და სახლში შესვლის უფლებაც მაქვს, ამაზეც უარი განმიცხადეს. ვკითხე [ჩხრეკის] ორდერზეც, არ წარმოუდგენიათ და არც განუმარტავთ, საერთოდ არსებობს თუ არა.

ბლოგერის ძმა ამბობს, რომ დაკავება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უჩა აბაშიძის აქტიურობას უკავშირდება.

"მგონი, ყველამ იცის რას შეიძლება უკავშირდებოდეს [დაკავება]. ეს არის იმ დაშინების მცდელობების გაგრძელებაა, რაც აქამდე იყო. ახლა გვეშინია, სახლში რომ არ გვიშვებენ რამე არ ჩაუდონ, ან რამე სისულელე არ მოუგონონ", - თქვა მან.