საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 7-9 მარტის აქციებსა და პოლიციის რეაგირებასთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა - დოკუმენტში საუბარია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმომადგენლები უმეტესად აკავებდნენ არა სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, არამედ მათ, ვინც აქციის დაშლის პროცესში "ხელში მოჰყვებოდათ".
საია-ში აღნიშნავენ, რომ მარტის აქციებზე სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების კანონიერებისა და პროპორციულობის შეფასების შედეგად, გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან არაერთგზის დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით, ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული ვალდებულებები.
ამასთან, ორგანიზაციის დაკვირვებამ გამოკვეთა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მის საფუძველზე წარმოებული დაკავებები კვლავაც ინსტრუმენტია, რათა სამოქალაქო უფლებების განხორციელების სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდოს.
კერძოდ, გამოვლინდა მასობრივად ადამიანების უკანონო დაკავების შემთხვევები, როცა სამართალდამცავები უმეტესად აკავებდნენ არა კონკრეტულ სამართალდამრღვევ პირებს, არამედ ზოგჯერ მათაც, ვინც აქციის დაშლის ოპერაციისას, უბრალოდ, "ხელში მოჰყვებოდათ".
ორგანიზაციის შეფასებით, პრობლემურია დაკავებულთათვის კანონით მინიჭებული უფლებების განმარტების საკითხიც: დამკავებელი პირები მათ, უმეტესად, არ აცნობდნენ უფლებებს, ზოგ შემთხვევაში კი დაკავებულებს არ მიეცათ ახლობლებსა და ადვოკატებთან დაკავშირების შესაძლებლობა. მათივე განცხადებით, დაკავების ოქმების შევსებასთან დაკავშირებით შეინიშნებოდა ხარვეზები - კერძოდ, არაერთ ოქმში არასწორად იყო მითითებული დაკავების დრო და დამკავებელი პირების მონაცემები.
საია-ში საუბრობენ იმაზეც, რომ შსს დაკავების 24-საათიან ვადას უსაფუძვლოდ აგრძელებდა დამატებით 24 საათით და სათანადოდ არ ასაბუთებდა, ამისთვის რა ობიექტური საჭიროება არსებობდა. მათი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა დაცვის მხარისთვის იყო მტკიცებულებების მოსაპოვებლად არასაკმარისი ვადის მიცემა, ასევე, სხდომები ტარდებოდა არასამუშაო საათებში და ზოგჯერ დაცვის მხარე არ იყო ინფორმირებული მისი დაწყების დროსთან დაკავშირებით.
რაც შეეხება საქმის მასალების და სასამართლოს დადგენილებებს, საია-მ მათი შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ სასამართლო არ არის მოტივირებული, ბრალდების მხარეს მოსთხოვოს ობიექტური მტკიცებულება ან მოიხმოს ნეიტრალური მოწმე. მათივე განცხადებით, დადგენილებებში, უმეტესად, დაკონკრეტებული არ არის რაში გამოიხატებოდა პოლიციის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამი ან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა.
საია მიუთითებს, რომ სასამართლო უმეტესად სამართალდამრღვევებად ცნობდა პირებს და სანქციის სახით, ძირითადად, ჯარიმას იყენებდა. მათივე განცხადებით, საქმის მასალებიდან გამოიკვეთა პერსონალური მონაცემების არასათანადოდ დამუშავების ფაქტები. ორგანიზაცია საგანგაშოდ აფასებს ფაქტს, რომ აქციის დაშლის თუ ადმინისტრაციული დაკავებების დროს დემონსტრანტების ნაწილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატებოდა როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფაში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შესაბამის ორგანოებს მიმართავს და მოუწოდებს, სამომავლოდ მსგავსი დარღვევების პრევენციის მიზნით, გარკვეული ნაბიჯები გადადგან. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი რეკომენდაციაა, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გაასაჯაროოს შემუშავებული და დამტკიცებული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა აქციის მართვის/დაშლის შესახებ, ასევე, აქციის მიმდინარეობისას დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, დროულად გამოიყენოს კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსი;
"აქციის დაშლისას მყისიერი საფრთხის გამომრიცხავ გარემოებებში უზრუნველყოს სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე გაფრთხილება კანონით დადგენილი ფორმით; სამართალდამცავებს მიეცეთ მკაცრი მითითება აქციის მშვიდობიანი და სამართალდამრღვევი მონაწილეების ერთმანეთისგან გამიჯვნის აუცილებლობის თაობაზე, ხოლო ლოკალური და ინციდენტური ხასიათის შემთხვევებზე რეაგირებისას მხოლოდ სამართალდამრღვევთა მიმართ გამოიყენონ ინდივიდუალური და პროპორციული საშუალებები;
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს მიეცეთ მკაცრი მითითება სპეციალური საშუალებების წესების დაცვით გამოყენების თაობაზე; უზრუნველყოს სამართალდამცავების მიერ სპეციალური საშუალებების წესების დაცვით გამოყენების ზედამხედველობა; უზრუნველყოს თანამშრომელთა მომზადება მედიის წარმომადგენლების ფუნქციის, პასუხისმგებლობისა და უფლებების შესახებ, განსაკუთრებით კი, აქციების დროს მათი როლის თაობაზე. ეს ხელს შეუწყობს სამომავლოდ აქციის დაშლის დროს ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის პრევენციას", - ნათქვამია დოკუმენტში.
საია შსს-ს ასევე ურჩევს, რომ უზრუნველყოს სათანადო სტანდარტების დანერგვა და შესაბამისი სწავლებების ჩატარება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის აქციის დაშლის დროს დემონსტრანტებისგან მედიის წარმომადგენლების გასამიჯნად; ასევე:
ორგანიზაცია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც და მოუწოდებს, უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
ასევე, უზრუნველყოს თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სხვა გარემოებების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.
საია საქართველოს პარლამენტს კი მოუწოდებს, განხორციელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა, რომლის შედეგად, არსებული კანონმდებლობა შეიცვლება კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ახალი კოდექსით და დასრულდება მისი გამოყენების პრაქტიკა პოლიტიკური მიზნით, საპოლიციო რეჟიმის ინსტრუმენტად;
ამასთან, გაუქმდეს ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის სახე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის ბუნების გადაცდომებზე გავრცელდეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით ბრალდებულისთვის გარანტირებული უფლებები.
რაც შეეხება სასამართლოს, საია-ს რეკომენდაციაა, რომ მოსამართლეებმა გონივრული ვადა დაუთმონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას, ასევე, უარი თქვან მხოლოდ პოლიციელთა მიერ წარდგენილ ოქმებსა და მათ ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით პირის სამართალდამრღვევად ცნობის პრაქტიკაზე და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დადასტურდება, გადაწყვიტონ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის სასარგებლოდ.