საგარეო: საქართველოს ელჩმა აშშ-ში დონალდ ტრამპს რწმუნების სიგელი გადასცა

საგარეო: საქართველოს ელჩმა აშშ-ში დონალდ ტრამპს რწმუნების სიგელი გადასცა

"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს ელჩმა აშშ-ში, თამარ ტალიაშვილმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რწმუნების სიგელი გადასცა.

ტალიაშვილის თქმით, ცერემონიას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესწრებოდა.

იგი ასევე აცხადებს, დონალდ ტრამპს კობახიძისა და ყაველაშვილის "კეთილი სურვილები" გადასცა და ასევე გზავნილები, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, "გადაშალოს ახალი ფურცელი" ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში.

"მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი, გადამეცა რწმუნებათა სიგელები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის. მე მას ასევე გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის კეთილი სურვილები, მათი მილოცვები, ასევე ის მნიშვნელოვანი გზავნილები,რომელიც ჩვენ გაგვაჩნია აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს ის ხალხთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს.

მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა, შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ - ის სახელმწიფო ადმინისტრაციას, იმისთვის რომ ამ მნიშვნელოვანი ცერემონიის ჩატარება საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელი გახდა უმოკლეს დროში. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ დიდი ხელშეწყობა გვქონდა, რათა ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად და მალე განხორციელებულიყო.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ასევე მქონდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან, ელჩ მონიკა ქრაულისთან. ეს შეხვედრა წარიმართა ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში.

"ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამ შეხვედრების განმავლობაში გვესაუბრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერებაზე და ასევე იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაიწერება და იქნება სახელმძღვანელო იმისათვის, რომ ჩვენი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა იყოს ძლიერი და მტკიცე", - წერია საგარეოს განცხადებაში.