
მოლდოვის პოლიციის თანახმად, მოლდოველი პრორუსი ოლიგარქი, ყოფილი ჩრდილოვანი მმართველი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი დააკავეს.
ინტერპოლმა ვლადიმირ პლაჰოტნიუკი საბერძნეთში დააკავა. მასთან ერთად დაკავებულია მოლდოვის კიდევ ერთი მოქალაქე, ვლადიმირ პლაჰოტნიუკის მხარდამჭერი და ყოფილი დეპუტატი კონსტანტინ ცუცუ.
ვლადიმერ პლაჰოტნიუკი მოლდოვის მთავრობის ყოფილი წარმომადგენელია. ის 2016-2019 წლებში იყო "მოლდოვის დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე.
იქამდე, სანამ მოლდოვის ხელისუფლებას პროდასავლური გუნდი დაიკავებდა, ის აკონტროლებდა როგორც მთავრობას, ასევე საპარლამენტო უმრავლესობას. ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, ვლადიმერ პლაჰოტნიუკმა ქვეყანა დატოვა.
უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიხედვით, მოლდოვის ყველაზე მდიდარი ადამიანი - ვლადიმერ პლაჰოტნიუკი მოლდოვის მთავრობაზე კონტროლისა და მანიპულირების გზით ჩართული იყო სახელმწიფოს მიტაცებაში, მათ შორის მისი გავლენები ვრცელდებოდა როგორც ძალოვან სტრუქტურებზე, ასევე საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემაზე.
მოლდოვაში ვლადიმერ პლაჰოტნიუკს დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა-მართვაში, თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. მოლდოვაში მის წინააღმდეგ დიდი ოდენობით ფულის მითვისების საქმეზე გამოძიება დაიწყო, საუბარია, 1 მილიარდ დოლარზე, რომელიც 2014 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან გაქრა.
ვლადიმერ პლაჰოტნიუკზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული და თებერვალში მას ინტერპოლი უკვე წითელი ცირკულარით ეძებდა.
ვლადიმერ პლაჰოტნიუკი სანქცირებულია როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.