საბერძნეთში ძარცვის, ქურდობისა და გამოძალვის ბრალდებით ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციის წევრები დააკავეს, მათ შორის საქართველოს 7 მოქალაქე. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები ასევე ხალხის მოტაცებაში, რეკეტსა და ფულის გათეთრებაში არიან ბრალდებულნი. მათ ატიკში და მის მახლობლად 35 სახლი და საწყობი გაქურდეს. გარდა ამისა, ბრალდებულებმა საბერძნეთში ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინაც გაძარცვეს.
საქმის მასალების თანახმად, გამოძიების ფარგლებში ამოღებულია დიდი რაოდენობით ოქრო, ელექტრონული ხელსაწყოები, ცეცხლსასროლი იარაღი, ძვირადღირებული ნახატები, საათები, ნარკოტიკული საშუალებები, 4 მანქანა, ასევე სხვადასხვა ხელსაწყოები, რომლებსაც ძარცვის დროს იყენებდნენ. ცნობილია, რომ სულ კრიმინალურ ქმედებებით დაკავებულებმა 200 000 ევროზე მეტი მოიპოვეს.
გამოძიების ფარგლებში დააკავეს კიდევ 13 ადამიანი, საიდანაც 7-ს მიმართ დეპორტაციის პროცედურაა დაწყებული.
დაკავებულები სულ მცირე 2022 წლის ოქტომბრიდან დაჯგუფების წევრები იყვნენ და ძირითადად ატიკში მოღვაწეობდნენ.