საბერძნეთში, ათენის ცენტრში ქართველ ემიგრანტებს თავს დაესხნენ. ისინი ფორმულასთან საუბარში ამბობენ, რომ აქტივისტებს ხელისუფლების მიერ მართული ჯგუფები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც უცხოეთში მყოფი ქართველები სხვა ემიგრანტებს არჩევნებთან დაკავშირებით ესაუბრებოდნენ.
დაშავებული აქტივისტები საქართველოს მოქალაქეებს ეხმარებიან საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ, რათა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ისინი ზუსტად მსგავსი შინაარსის შეხვედრას მართავდნენ ქართველ თანამოქალაქეებთან.
აქტივისტი ფორმულასთან საუბარში აღნიშნავს, რომ თავდამსხმელები, სავარაუდოდ, კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ და მათ აქტივისტების საქმიანობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება არ დაუმალავთ. ემიგრანტები პირდაპირ ადანაშაულებენ ქართულ ოცნებას იმაში, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობაში მიზანმიმართულად უშლის ხელს და ამისთვის მათი თქმით, კრიმინალებს იყენებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც არსებობდა, თუმცა ემიგრანტ ქალბატონებს ამ მასალის წაშლა მოუწიათ. ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა ანგარიშსწორების სამიზნე გახდნენ.
"რამდენიმე პიროვნება - ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები დაესხნენ თავს ჩვენს ბიჭებს. იყო ფიზიკური შეხება, დარტყმა და როცა უკვე გადმოვიდნენ ჩვენზე, ერთ-ერთ ქალბატონს ხელში ტელეფონი ეჭირა და შეეცადნენ ეს ტელეფონი ჩამოერთვათ. 3 კაცი დაესხა თავს. ამ ქალმა ხელზე დაზიანება მიიღო. მოთხოვნა რა იყო: "ვინ მოგცათ უფლება თქვენ აქ გამოჩნდით, აქ იცით რამდენი დაზარალებულია ნაციონალური მოძრაობის წყობის დროს". სხვათა შორის გუშინ იყო ჩამოსული ქართული ოცნების პარლამენტარი [ვიქტორ] ჯაფარიძე. პროვოკაცია იყო მათგან წამოსული და სავარაუდოდ ამ ჯაფარიძისგან წახალისებული ე.წ. კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლები", - თქვა ემიგრანტმა, მარინა ყარმაზანაშვილმა ფორმულას ეთერში.