
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პოლონეთში განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან პოლონეთსა ან სხვა მოკავშირეზე თავდასხმის შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მას "გამანადგურებელი" დარტყმით უპასუხებს.
რუტემ პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკისთან გამართულ პრესკონფენრეციაზე თქვა, რომ "თუ ვინმე არასწორად თვლის და ფიქრობს, რომ შეუძლია პოლონეთზე ან სხვა მოკავშირეზე თავდასხმის შემდეგ დაუსჯელი დარჩეს, მას ამ მრისხანე ალიანსის მთელი ძალა დახვდება".
"ჩვენი რეაქცია იქნება გამანადგურებელი. ეს უნდა იყოს ძალიან ნათელი ვლადიმირ პუტინისთვის და ყველასთვის, ვინც ჩვენზე თავდასხმას გეგმავს", - თქვა რუტემ.
პოლონეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რთულ ვითარებაში მათ გვერდით დადგეს.
"როდესაც ჩვენ თვალწინ იცვლება გეოპოლიტიკური ვითარება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დადასტურება, იმისა რომ NATO ვალდებულია დაიცვას პოლონეთი ყველა კრიტიკულ სიტუაციაში", - აღნიშნა ტუსკმა.