რუსი დეპუტატი: მადლობა ქართველ პოლიციას, მაგრამ უფრო მკაცრად უნდა ემოქმედათ

რუსი დეპუტატი: მადლობა ქართველ პოლიციას, მაგრამ უფრო მკაცრად უნდა ემოქმედათ

რუსეთის დუმის სპორტისა და ფიზიკური კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი სვისჩევმა, თბილისის ფარიკაობის ჩემპიონატზე გამართული ანტირუსული აქციის გამო პროტესტი გამოთქვა და იმედი გამოთქვა, რომ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია (FIE) მომხდარზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

„ეს იყო უღირსი ანტისპორტული აქცია ანტირუსულად განწყობილი ძალებისგან. ვხედავთ უკრაინულ კვალსაც და, შესაძლოა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც იყვნენ გარეულნი“, – განაცხადა სვისჩევმა РИА Новости-სთან საუბარში.

მან მადლობა გადაუხადა ქართველ სამართალდამცავებს რომლებიც „საკმაოდ მკაცრად“ მოიქცნენ, თუმცა მიიჩნევს, რომ დარღვევებზე რეაგირება კიდევ უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო: „შეეძლოთ უფრო მტკიცედ ემოქმედათ, მაგრამ ეს საქართველოს კანონებია და ჩვენ არ ვაპირებთ მათ განხილვას“.

შეგახსენებთ, 22 ივლისს თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა, რომელშიც სამხედრო წოდებების მქონე რუსი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. 27 ივლისს, შეჯიბრების მსვლელობის დროს მოქალაქეებმა გამართეს დემონსტრაცია, რომლის დროსაც გაშალეს ანტისაოკუპაციო და უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი საომარი კამპანიის დამგმობი პლაკატები.