Reuters-ის ცნობით, რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო, მათ შორის ნავთობის ბაზაზე.
ვოლგორადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის თქმით, რუსმა სამხედროებმა დღვანდელი შეტევა მოიგერიეს, თუმცა, დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია ქალაქ კალაჩის ნავთობის ბაზაზე და ქალაქ ფროლოვის ქვესადგურზე. როგორც ცნობილია, ნავთობის ბაზაზე არავინ დაშავებულა.
დრონებით შეტევის გამო ვოლგოგრადისა და ასტრახანის აეროპორტები დროებით დაიხურა. ასტრახანის ოლქის გუბერნატორმა, იგორ ბაბუშკინმა ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ უკრაინელმა ნაცისტებმა უპილოტო საფრენი აპარატებით რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ობიექტებზე მასირებული შეტევა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
გამოცემის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა როსტოვის ოლქზეც იყო. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ხანძარი გაუჩნდა ერთ-ერთ ელექტროქვესადგურს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, 21 დრონი გაანადგურეს როსტოვის ოლქში, 5 - ასტრახანში, 3 - ბელგოროდში, 7 - კურსკის ოლქში და 2 - ვორონეჟში.
უკრაინას რუსეთზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.