რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო - ხმის მიცემა 15 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. რუსეთის ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 94 ათასი საარჩევნო უბანი მოქმედებს, რომლებიც 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება გახსნილი.
არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს და მათ შორისაა ვლადიმირ პუტინი, რომელიც მეხუთე ვადით იყრის კენჭს. პუტინის კონკურენტებმა უარი თქვეს თავიანთ კამპანიაში საჯაროდ გაეკრიტიკებინათ მოქმედი პრეზიდენტი. ამასთან, რუსეთის ცესკომ არც ერთი ოპოზიციონერი ან ანტისაომარი პოზიციის მქონე კანდიდატი არ დაარეგისტრირა.
რუსული ოპოზიცია არჩევნებზე საპროტესტო აქციის "შუადღე პუტინის წინააღმდეგ" ჩატარებას გეგმავს. ის პეტერბურგის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა მაქსიმ რეზნიკმა მოიფიქრა. აქცია გულისხმობს იმას, რომ ისინი, ვინც პუტინის წინააღმდეგნი არიან, საარჩევნო უბნებზე 17 მარტს, შუადღის 12 საათზე ერთდროულად მივიდნენ.
აღნიშნულ აქციას კოლონიიდან მხარი დაუჭირა ალექსეი ნავალნიმაც. მისი სიკვდილის შემდეგ აქციის მხარდაჭერით ნავალნის გუნდი გამოვიდა. რუსი ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ აქციაში, ხოლო დასავლეთის ქვეყნებს - არ აღიარონ არჩევნების შედეგები და პუტინის ლეგიტიმაცია.
საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება ანექსირებულ ყირიმში და დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიებზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს მოუწოდა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღონ. გარდა ამისა, რადამ საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, ანექსირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არჩევნები დაგმონ.
საარჩევნი უბნებიან გახსნილი ოკუპირებული ცხინინვალსა და აფხაზეთში.