რუსეთში დაკავებულ ჟურნალისტს ჯაშუშობის ბრალი წაუყენეს

რუსეთში დაკავებულ ჟურნალისტს ჯაშუშობის ბრალი წაუყენეს

The Wall Street Journal-ის ჟურნალისტს, რომელიც რუსეთში დააკავეს, ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედიები წყაროზე დაყრდნობით წერენ.

ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი უარყოფს ყველა ბრალდებას და აცხადებს, რომ რუსეთში ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული. როგორც TASS-ს წყარომ უთხრა, ჟურნალისტის საქმე გრიფით საიდუმლოა.

გასული კვირის ხუთშაბათს მოსკოვის სასამართლომ ევან გერშკოვიჩი ორი თვით, 29 მაისამდე დააკავა. მანამდე ის ეკატერინბურგში დააკავეს. რუსული გამოძიება ირწმუნება, რომ გერშკოვიჩმა შეერთებული შტატების დაკვეთით შეაგროვა საიდუმლო ინფორმაცია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს შესახებ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჟურნალისტს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთში ამერიკელ ჟურნალისტს ასამართლებენ. Wall Street Journal და აშშ-ის ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ ჟურნალისტი უდანაშაულოა და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.