რუსეთში აცხადებენ, რომ ნავალნი სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს

რუსეთში აცხადებენ, რომ ნავალნი სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც ვლადიმირის ოლქის ფარგლებს გარეთ მდებარეობს. ამის შესახებ 15 დეკემბერს ვლადიმირის რეგიონული სასამართლოს სხდომაზე განაცხადეს, სადაც რუსეთის სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობა წაიკითხეს.

ცნობაში, რომელსაც Sota ციტირებს, აღნიშნულია, რომ ნავალნიმ დატოვა კოლონია "მოსკოვის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 აგვისტოს განაჩენის შესაბამისად, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა".

პოლიტიკოსის პრესმდივნის კირა იარმიშის თქმით, ნავალნის ადვოკატს შეატყობინეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა "ვლადმირის ოლქი დატოვა". სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ეს 11 დეკემბერს მოხდა.

"შეგახსენებთ, რომ ადვოკატებს ნავალნი 6 დეკემბრის შემდეგ არ უნახავთ. რატომ არ მიეცათ მასთან შეხვედრის უფლება, თუ ალექსეი ჯერ კიდევ მე-6 გამოსასწორებელ კოლონიაში იყო, ჩვენ არ ვიცით", - წერს იარმიში.

6 დეკემბერს ნავალნის თანამოაზრეებმა განაცხადეს, რომ ვლადიმირის რეგიონის კოლონიის ადმინისტრაციამ ადვოკატს არ მისცა პოლიტიკოსის ნახვის უფლება. ნავალნის ასევე შეუჩერეს სასამართლო სხდომებზე დისტანციური წვდომა, კოლონიიდან ვიდეოკავშირით, ტექნიკური პრობლემების მოტივით.