რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სასამართლომ The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის პატიმრობის ვადა, სულ მცირე 3 თვით, 30 აგვისტომდე გაუხანგრძლივა. მის წინასწარ პატიმრობას ვადა 29 მაისს გასდიოდა.
სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რადგან ევან ჰერშკოვიჩის საქმის მასალები გასაიდუმლოებულია.
ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (FSB) ამტკიცებს, რომ გერშკოვიჩი აშშ-ის დავალებით "აგროვებდა ინფორმაციას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს შესახებ, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს".
რამდენიმე გამოცემა ეკატერინბურგიდან წერდა, რომ ეკატერინბურგში ჩასვლის შემდეგ The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი რედაქციასთან კონტაქტზე აღარ გადიოდა. ჟურნალისტი დიმიტრი კოლეზევი (რუსეთში "უცხოურ აგენტად" აღიარებული) წერდა, რომ გერშკოვიჩი ეკატერინბურგში წავიდა, რათა დაეწერა ომისადმი დამოკიდებულებისა და ვაგნერისთვის ადგილობრივების რეკრუტირების შესახებ.
გერშკოვიჩის დაკავება დაგმეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თეთრმა სახლმაც.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის ხელისუფლება გერშკოვიჩის ოჯახთან და მის დამსაქმებელთან მუდმივ კონტაქტზეა.
"რუსეთის ხელისუფლების მიერ ამერიკის მოქალაქეების მიზანში ამოღება დაუშვებელია. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ გერშკოვიჩის დაკავებას.
ასევე ვგმობთ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებისა და პრესის თავისუფლების კვლავ მიზანში ამოღებასა და მათ მიმართ რეპრესიებს.“ - განაცხადა ჟან-პიერმა.