რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატები ეუთო/ოდირთან (OSCE/ODIHR) ერთად საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას გეგმავს, რათა არ დაუშვას 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება.
ინფორმაციას რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია TASS დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაზვერვაში ირწმუნებიან, რომ აშშ ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობასთან საქართველოს მიმართულებით თანამშრომლობაზე უკვე შეთანხმდა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის მტკიცებით, "სავარაუდოა, რომ არჩევნებამდე 10-20 დღით ადრე ეუთო/ოდირი გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშს, რომლის დასკვნაშიც ნათქვამი იქნება, რომ ქვეყანაში არაა პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად". ასევე, ირწმუნებიან, რომ "არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდება განცხადება ელექტრონული პროცესის დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით".
"ვაშინგტონის გეგმა აშკარაა და უკვე აღარ არის გასაკვირი - მისცეს პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას მასობრივი საპროტესტო აქციების საფუძველი, რომლის მიზანიც ძალის გამოყენებით ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა", - ირწმუნებიან დაზვერვაში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის საგარეო დაზვერვა აშშ-ის მხრიდან საპარლამენტო არჩევნების გზით საქართველოში მთავრობის შეცვლის სურვილზე საუბრობს. დაზვერვამ მანამდეც გაავრცელა განცხადება, რომელშიც ირწმუნება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის მასშტაბური საინფორმაციო კამპანია აქვს შემუშავებული.
რუსეთის საგარეო დაზვერვა ასევე ირწმუნება, რომ ამერიკელებმა ქართულ ოპოზიციას საპროტესტო აქციების დაგეგმვა დაავალეს. ამასთან ამტკიცებენ, რომ დემონსტრანტთა შორის მსხვერპლის ხელოვნური შექმნა განიხილება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის ბრალდებებს "სრულიად მცდარი და აბსურდი" უწოდეს.