რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ამბობს, რომ "ბოდიშთან" დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ მოსკოვს "გარკვეული იმედი" ჩაუსახა. ამის შესახებ რუსეთის საგარეოს სპიკერმა ბრიფინგზე ისაუბრა.
კერძოდ, მან თქვა, რომ "საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები, მოუხადონ ბოდიში სამხრეთ ოსეთის ხალხს 2008 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომისთვის, გარკვეულ იმედს იძლევა".
მარია ზახაროვამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ "აფხაზ და სამხრეთ ოს მოკავშირეებთან საერთო პრიორიტეტები უცვლელია".
"საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხები განიხილება ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ეგიდით.
ჩვენს აფხაზ და სამხრეთ ოს მოკავშირეებთან ჩვენი საერთო პრიორიტეტები უცვლელი რჩება. ეს მოიცავს თბილისისგან იურიდიულად სავალდებულო გარანტიების ხელშეკრულებას ცხინვალია და სოხუმის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ასევე ამ რესპუბლიკებთან სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას.
ჯერჯერობით შეუძლებელია საუბარი რეგიონში განვითარებული გეოპოლიტიკური რეალობის მიმართ მხარეების მიდგომებში დარჩენილი ფუნდამენტური განსხვავებების გათვალისწინებით ამ საკითხებში პროგრესზე", - თქვა მან.
ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, რუსეთი "სასიცოცხლოდ დაინტერესებულია" საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის "ურთიერთობების ნორმალიზებით".
"რუსეთი, როგორც ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე და აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, სასიცოცხლოდ დაინტერესებულია ამ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით. მოსკოვი მზად არის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში, ხელი შეუწყოს ამას ყველა შესაძლო გზით", - თქვა მარია ზახაროვამ.