რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 24 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები რუსეთის ჩარევის გამო გააუქმა. შესაბამისად, გააუქმა არჩევნების მეორე ტურიც, რომელიც 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო.

ეს ნიშნავს, რომ პროცესი თავიდან დაიწყება და მთავრობამ ახალი კენჭისყრის თარიღი უნდა ჩანიშნოს.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე, NATO-ს სკეპტიკოსმა საზოგადოებისთვის თითქმის უცნობმა კანდიდატმა - კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. ის ყველასთვის მოულოდნელად, ხმების თითქმის 23%-ით პირველ ადგილზე გავიდა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასამართლომ განაცხადა, რომ პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება "საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონიერების უზრუნველსაყოფად" მიიღო.

რუმინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე გაასაჯაროვა დაზვერვის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთი სოციალურ მედიაში, მათ შორის, TikTok-სა და Telegram-ზე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯორჯესკუს ათასობით მხარდამჭერ ანგარიშს მართავდა.

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ხმების გადათვლის შემდეგ, პირველი ტურის შედეგები ოფიციალურად 2 დეკემბერს დაამტკიცა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება საბოლოოა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხელისუფლებას საარჩევნო პროცესისა და შესაბამისად, საარჩევნო კამპანიის თავიდან დაწყებას მოსთხოვენ.

არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო, სადაც ერთმანეთს ჯორჯესკუ და ლასკონი დაუპირისპირდებოდნენ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანულირებულად ცნოს პირველი ტურის შედეგები, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ხელახლა გაიმართება.