რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლები და კერძო კომპანიის ყოფილი დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროკურატურის მტკიცებით, ხსენებულ პირებზე სამართლებრივი დევნა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე დაიწყო.

ზურაბ ამაშუკელს, ალექსანდრე ბელოუსოვს და აკაკი ნოზაძეს აღკვეთის ღონისძიების საზით 5 000-5 000-ლარიანი გირაო, ხოლო თენგიზ არჩვაძეს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ამით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა - ბრალდების მხარე ამაშუკელის, ბელოუსოვისა და ნოზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაოს, თენგიზ არჩვაძის მიმართ კი 15 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ამასთან, დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

***

პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი ფინანსური დირექტორის და ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის უკანონო დავალების საფუძველზე, კლინიკასა და ინდ.მეწარმეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, კლინიკის ოთხი სართულის, 3 060 496 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ბრალდებულებმა სარემონტო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით კლინიკას ყალბი მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების აქტები წარუდგინეს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმეზე პროკურატურამ უკვე დააკავა და ბრალდებულების სახით პასუხისგებაში მისცა რესპუბლიკურის ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ყოფილი ინდივიდუალური მეწარმე.

"2020-2021 წლებში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა "საუნივერსიტეტო კლინიკას" ყალბი მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების აქტები წარუდგინეს, რომელშიც დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 580 767.64 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა და ყოფილმა ინჟინერ-მშენებელმა შეადგინეს ყალბი ინსპექტირების აქტები, რომლითაც დაადასტურეს არარსებული სამშენებლო სამუშაოების ჩატარება. შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 143 846 ლარს და სცადეს დარჩენილი 436 921.60 ლარის დაუფლებაც.

ჩატარებული გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ 2021 წელს, „საუნივერსიტეტო კლინიკასა" და შპს "ნიუმშენს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, უნდა ჩატარებულიყო კლინიკის ცალკეული კომპონენტების 452 842.48 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები. კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის იმჟამინდელმა თანამშრომელმა და „ნიუმშენის“ ყოფილმა დირექტორებმა "საუნივერსიტეტო კლინიკას" წარუდგინეს ყალბი მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების აქტები, რომელშიც დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 168 600.83 ლარი შეადგინა, საიდანაც ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელი და შპს "ნიუმშენის" დირექტორები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 78 032.02 ლარს და სცადეს დარჩენილი 90 568.81 ლარის დაუფლებაც.

კლინიკის სამშენებლო სამუშაოების ყოფილმა ტექნიკურმა ზედამხედველმა, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის უკანონო დავალების საფუძველზე, შეადგინა ყალბი მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების აქტები, რომლითაც დაადასტურა არარსებული სამშენებლო სამუშაოების ჩატარება"- ნათქვამია განცხადებაში.